2006 წლიდან ხორციელდება პროექტი მულტიეთნიკური საზაფხულო სკოლა სოფელ ნუკრიანში. პროექტის მიზანია სხვადასხვა ეროვნების, ქალაქელი და სოფლელი ბავშვების დაახლოება; პროექტში ჩართული არიან "კავკასიური სახლის" შაბათ-კვირის სკოლის მოსწავლეები (მათ შორის, დევნილები) და ნუკრიანელი ბავშვები. ყოველწლიურად პროექტში 70-100 ბავშვი მონაწილეობს. ფინანსური მხარდაჭერა: ფონდები HAËLLA და JURA.
პროექტის მთავარი მიზანი იყო როგორც ქართველი და არაქართველი, ასევე ქალაქელი და სოფლელი ბავშვების ერთმანეთთან დაახლოება; არაქართველი ბავშვებისათვის ქართული ენის შესწავლის გაადვილება. ამიტომაც, პროექტში ჩართული იყო თბილისელი - ეროვნებით ქართველი, ქურთი, რუსი, სომეხი და ნუკრიანისა და მიმდებარე სოფლების სამოცი ბავშვი. გარდა ამისა, სკოლამ მოხალისედ მიიწვია თოთხმეტი ახალგაზრდა.
ქართული ენა, კავკასიოლოგია, ეკოლოგია, ხატვა, კომუნიკაციის ხელოვნება, ცეკვა, სიმღერა - ამ სფეროებში ბავშვებისათვის ინტენსიური სწავლება ტარდებოდა. მოქმედებდა დრამატული წრე, ეწყობოდა ვიქტორინები, ექსკურსიები; სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები: რაგბი, ფეხბურთი; ისწავლებოდა ჭადრაკი.
ბავშვები უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი ადგილით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით.
ანალოგიური პროექტი განხორციელდება 2007 წლის ზაფხულშიც.















