"მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის შესახებ"

"მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის შესახებ"

(პრობლემის მოკლე ისტორია) 
1944 წლის 15 ნოემბერს, ღამით სამხრეთ საქართველოს ხუთ რაიონში საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული, გრანდიოზული სპეცოპერაცია: მესხეთის 220 სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. 90 თუ 120 ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეჰყარეს სატვირთო მატარებელში და შუა აზიის გზას გაუყენეს. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა სიცივით, შიმშილით, უჰაერობითა და ანტისანიტარიით. გამცილებელი ჯარისკაცები მათ გვამებს მიმქროლავი მატარებლიდან პირდაპირ გზაზე ისროდნენ. 
მესხები ჩაასახლეს უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში, უკან დაბრუნების უფლების გარეშე. დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის № 6279 დადგენილებით, მაშინ, როდესაც მესხი მამაკაცები მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. 
გასახლებულთა 92% ეთნიკური ქართველი იყო, დანარჩენები -ქურთები, ხემშილები, თარაქამა და ყარაფაფახები.
1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი, ოღონდ გარკვეული პირობებით. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის მე-6 შესწორება ავალდებულებდა საქართველოს ამ დოკუმენტის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში შეექმნა საკანონმდებლო ბაზა დეპორტირებული მოსახლეობის რეაბილიტაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციისთვის, 3 წლის შემდეგ დაეწყო რეპატრიაცია და დაესრულებინა 12 წლის განმავლობაში.
მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალა შესაძლებლად საქართველოს ხელისუფლებამ რეპატრიანტთა მიმართ "მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის" 27-ე მუხლის გამოყენება. ეს მუხლი უფლებას აძლევს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით ინდივიდუალურად მიანიჭოს მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. ამ გზით მიიღო მოქალაქეობა 34 რეპატრიანტმა 1998-1999 წლებში. 
ჩამოვთვლით 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც დღემდე გადასაჭრელია:

1. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შეიქმნა 1999 წლს 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტის №104 ბრძანებულებით და რომელსაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა მოემზადებინა და მთავრობისთვის წარედგინა დეპორტირებულთა რეინტეგრაციისათვის საჭირო საკანონმდებლო აქტები, დავალება ვერ შეასრულა. 
2. მიუხედავად 1999 წელს ვენაში მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებისა 100-ზე მეტი მესხი რეპატრიანტი დღემდე ვერ ახერხებს მოქალაქეობის მიღებას. საქართველოს დღემდე არ მოუხდენია 1961 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებას. საქართველოში არ არსებობს დეპორტირებული მესხების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მექანიზი. მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის ბრძანებულებით არანაირად არ წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტას, რადგან იგი ერთეულებზე ვრცელდება. ამავე დროს ეს პროცედურა რთული და ძვირადღირებულია. 
3. რეპატრირებულ მესხებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისათვის სხვა ქვეყნების მოქალაქეობიდან გამოსვლისას დიდი სიძნელეები ხვდებათ. ამ საკითხის გადაწყვეტისას მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ყირიმელი თათრების რეპატრიაციის შემთხვევაში. კერძოდ, უკრაინისა და უზბეკეთის მიერ ერთმანეთთან დადებული ხელშეკრულების მსგავსად, საქართველომ უნდა დადოს ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, რუსეთთან, უზბეკეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, საიდანაც მოსალოდნელია მესხთა რეპატრიაცია საქართველოში. 
4. რეპატრიანტი მესხების გვარების აღდგენის პროცედურა მეტად გართულებულია და მასთან დაკავშირებული ხარჯები მესხთა ეკონომიკურ შესაძლებლობებს აღემატება. ეს კი ართულებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში უქმნის დამთრგუნველ კომპლექსებს და ხელს უწყობს მათ გაუცხოებას. 
5. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის განვითარება და დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რეპატრიანტ მესხთა ზოგ კატეგორიას მისი შესწავლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ქართული ენის სუსტად ფლობა ართულებს მესხთა ინტეგრაციას საზოგადოებასთან. რეპატრიაცია-რეინტეგრაციის ხანგრძლივი და მოკლევადიანი სახელმწიფო პროგრამების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ქართული ენის შესწავლის კურსები რეპატრიანტთა სხვადასხვა კატეგორიისათვის.
6. გამოკვლევამ გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეპატრიანტთა ნდობით სარგებლობენ. ამიტომ პრობლემის შემდგომი მუშაობის პროცესში უნდა გაძლიერდეს მათი პოტენციალი.
7. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა რეპატრიაციის კანონის პროექტი, მაგრამ იგნორირებული იყო რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. შედეგად, კანონპროექტი არ ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და მან დისკრიმინაციული ხასიათი შეიძინა. კერძოდ, იგი არ ითვალისწინებდა მაჰმადიანი მესხების აღიარებას საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. ევროპის საბჭომ ეს პროექტი დაიწუნა და მოითხოვა მისი გადამუშავება. სად იმყოფება დღეს იგი, უცნობია. 
8. მესხთა რეპატრიაციის პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოთა კოლექტიური პასუხისმგელობის საფუძველზე, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოვრობენ დეპორტირებული მესხები. 
9. დეპორტირებული ხალხის რეპატრიაციის გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებად აღმართულია "მტრის ხატი", რომელიც მაჰმადიანი მესხებისაგან შექმნეს ულტრანაციონალისტმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა 1989 წლიდან (ზვიად გამსახურდიას მეთაურობით). სწორედ ეს "მტრის ხატი" იწვევს ქართველი მოსახლეობის დეზორიენტაციას ამ საკითხში.

წელს, შესრულდა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 5 წლისთავი. როგორც უკვე ვთქვით, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაცია 12 წლის განმავლობაში. თუმცა, ითვალისწინებს რა ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ევროპის საბჭოს შესაძლებლად მიაჩნია ვადების გადახედვა. საქართველო ოფიციალურად არ ამბობს უარს აღებული ვალდებულების შესრულებაზე. მაშასადამე, მესხთა რეპატრიაცია ადრე თუ გვიან შედგება. 
საქართველო არა ფორმალურად, არამედ მთელი სერიოზულობით უნდა ემზადებოდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად, რათა იგი საგარეო ვალებივით მძიმე ტვირთად არ დააწვეს მომავალ თაობებს. ყველას, ვინც ირწმუნება, თითქოს პრობლემის უარყოფით პრობლემა ქრება, მძიმე შეცდომაში შეჰყავს ქვეყანა. 
უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია ამ უდანაშაულოდ დასჯილი ხალხის სულიერი ტრამვის მოშუშება: ზნეობრივი კომპენსაცია, რისი ნამდვილი გამოხატულებაც იქნება: მესხთა დეპორტაციის შეფასება პარლამენტისა და კანონის დონეზე როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა; დეპორტირებული ხალხის გამოცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია ამ უდანაშაულოდ დასჯილი ხალხის სულიერი ტრამვის მოშუშება: ზნეობრივი კომპენსაცია, რისი ნამდვილი გამოხატულებაც იქნება: მესხთა დეპორტაციის შეფასება პარლამენტისა და კანონის დონეზე როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა; დეპორტირებული ხალხის გამოცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. 
ნაირა გელაშვილი, მწერალი 
"კავკასიური სახლის" ხელმძღვანელი
კლარა ბარათაშვილი, ჟურნალისტი
ლატიფშა ბარათაშვილის შთამომავალთა
კავშირი "პატრია" 
2004 წელი

 

გამოცემები
ფოტო გალერეა
ვიდეოსტუდია
საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, 0105, გ.ტაბიძის 20
  • ტელ.: (+995 32) 2 99-72-61/ 2 98-83-39/2 93-62-93
    ფაქსი: (+995 32) 2 99-72-61
  • E-mail: info@caucasianhouse.ge