”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი”
პროგრამული დოკუმენტი
2011 - 2014
1. "კავკასიური სახლის" მისია და ხედვა
”კავკასიური სახლის” ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით, სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა.
”კავკასიური სახლის” მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.
კავკასიური სახლის დევიზია: ძებნაში ახლის გახსოვდეს სახლი.
მუშაობის პროცესში ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და მოცემულობებს:
- „კავკასიური სახლი“, როგორც საერთო კულტურული სივრცე;
- ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობა;
- რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება კულტურათა დიალოგის, სამოქალაქო დიპლომატიისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით;
- სამოქალაქო სოლიდარობა;
- სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ადამიანის უფლებები;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია;
- გენდერული თანასწორობის იდეა;
- სასიცოცხლო სივრცის დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერება;
2. "კავკასიური სახლის" პროგრამები
მისიის რეალიზაციის მიზნით „კავკასიური სახლი“ გამოყოფს სამ სამუშაო სტრატეგიულ პროგრამას. პროგრამები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის სტრატეგიის თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ განხორციელებას. ხელს უწყობენ ორგანიზაციას საქმიანობის სტრუქტურიზებაში და შედეგების შეფასებაში, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მოძიებაში. პროგრამების რეალიზებისათვის იწერება და ხორციელდება სხვადასხვა პროექტები.
2.1. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა
„კავკასიური
სახლი“ შეიქმნა ”მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი
სარედაქციო კოლეგიის” ბაზაზე. „კოლეგიის“
მიზანი იყო
მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების
თარგმნა ქართულად
და ქართული
ლიტერატურის პოპულარიზაცია.
დროთა განმავლობაში „კავკასიური სახლის“ მიზნები გასცდა „კოლეგიის“ ტრადიციული საქმიანობის ფარგლებს, თუმცა, ორგანიზაციის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება მხატვრული თარგმანისა და ზოგადად კულტურულ–საგანმანათლებლო პროცესების განვითარებისათვის ხელშეწყობა.
პროგრამის მიზანი
საქართველოში კრიტიკული აზროვნებისა და ლიტერატურული პროცესების სტიმულირება; ინოვაციები აღზმრდელობით–საგანმანათლებლო სფეროში,
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის სფეროში; დასავლეთ–აღმოსავლეთის მხატვრული, სამეცნიერო თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების
თარგმნა;
პროგრამული მიმართულებები
1. ჟურნალ „აფრის“ ყოველწლიური გამოცემა.
ჟურნალი ”აფრა” დაარსდა 1997 წელს. დღემდე გამოსულია ჩვიდმეტი ნომერი. ”აფრა” სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალია. მისი მიზანია, როგორც მხატვრული და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმანი, ასევე კრიტიკული აზროვნების სტიმულირება საქართველოში. ჟურნალი უმეტესწილად გათვლილია უმაღლესი სასწავლებლებისათვის, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეებისათვის.
გასული წლების მანძილზე „კავკასიურმა სახლმა“ მოახერხა ჟურნალის შეუფერხებლად გამოცემა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ „აფრაზე“ დიდი მოთხოვნილებაა. ამის ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჯერჯერობით მაინც მწირია მსგავსი გამოცემები. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ ჟურნალის გამოცემა კვლავ რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად.
2. დასავლურ-აღმოსავლური აზროვნებისა და მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლების თარგმნა ქართულ ენაზე.
1996 წლიდან „კავკასიური სახლი“ აწარმოებს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების შერჩევასა და თარგმნას ქართულ ენაზე. ყოველწლიურად ითარგმნება და გამოიცემა დაახლოებით ხუთი სხვადასხვა თემატიკის: ფილოსოფიური, მხატვრული, თეოლოგიური, ფოლკლორული და საცნობარო წიგნი.
3. ქართველ ავტორთა ლიტერატურული ტექსტების გამოცემა;
ქართველ ავტორთა მხარდაჭერის მიზნით „კავკასიური სახლი“ ყოველწლიურად განიხილავს შემოსულ საპროექტო წინადადებებს, ხოლო შემდგომ, შერჩეული ნაშრომების გამოცემის დაფინანსების თხოვნით მიმართავს ფონდ ჰორიზონტს. ბეჭდავს მათ ნაწარმოებებს ჟურნალ „აფრაში".
4. ახალგაზრდა მწერლების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
იქედან გამომდინარე, რომ ახალბედა შემოქმედებს განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი ნაშრომების მიწოდება საზოგადოების ფართო ფენებისთვის, „კავკსიური სახლი“ იძიებს ფინანსურ რესურსებს მათი ლიტერატურული ტექსტების გამოცემისათვის; ასევე ახალგაზრდა პოეტთა და მწერალთა პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზაცია ხშირად მართავს ლიტერატურულ საღამოებს.
5. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა „კავკასიური სახლის“ დარბაზის უსასყიდლოდ დათმობის გზით.
„კავკასიური სახლი“ უსასყიდლოდ უთმობს საკუთარ დარბაზებს სხვადასხვა სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს, სათვისტომოებს, ეთნიკურ უმცირესობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრების, შემოქმედებითი საღამოების და სხვადასხვა ერთჯერადი ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
შედეგად „კავკასიური სახლი“ იქცა მრავალი სამოქალაქო ინიციატივის განხორციელების ადგილად, რაც ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული ფინანსური, ან დროითი რესურსების ხარჯვის გარეშე, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
6. ლიტერატურულ–მუსიკალური კაფე – „დნმ“-ის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
კაფე – „დნმ“-ი, „კავკასიური სახლის“ შედარებით ახალი ინიციატივაა. იგი განთავსებულია ორგანიზაციის შენობაში და საკუთარი შემოქმედების წარმოდგენის საშუალებას აძლევს – სხვადასხვა ეროვნების პოეტებს, მწერლებს, არტისტებსა და მუსიკოსებს.
ხელოვანთა კაფე „დნმ“-ი იქცა კრეატიულ და მიმზიდველ საშუალებად „კავკასიური სახლის“ იმ უმნიშვნელოვანესი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა : ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელთა კულტურული ინტეგრაცია; სხვა და სხვა ნაციონალობების ხელოვანთა ხელშეწყობა, მათი ერთმანეთთან დაახლოება; მარგინალიზებული ლიტერატურულ–კულტურული პროცესების სტიმულირება; ახალი თაობის ხელოვანთა მხარდაჭერა;
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა შედარებით ახალია, განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ კაფე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობის საკმაოდ მოქნილ ინსტრუმენტად იქცა.
ინიციატივა არ არის კომერციული, შესაბამისად, მისი საქმიანობის მდგრადობისათვის აუცილებელია ფინანსური რესურსების მოპოვება. ამ მიზნით ორგანიზაცია შეიმუშავებს საპროექტო განაცხადს და წარუდგენს შესაბამისი პროფილის ფონდებს.
7. ხმის ჩამწერი სტუდია
რადგანაც „კავკასიური სახლი“ ძირეულადაა დაინტერესებული, რომ მისმა კულტურულ–საგანმანათლებლო და აღმზრდელობითმა პროგრამებმა, რაც შეიძლება, ფართო არეალი მოიცვას, – ეს კი მხოლოდ წიგნებით, სემინარებითა და კულტურული ღონისძიებებით ვერ მიიღწევა, – „სახლი“ საჭიროდ თვლის შექმნას ხმის ჩამწერი სტუდია და თავად გამოსცეს: 1. მუსიკალური 2.ლიტერატურული, 3. შემეცნებითი, 4. საბავშვო, 5. აღმზრდელობითი შინაარსის შემცველი აუდიო–დისკები.
8. საქართველოს რეგიონებში კულტურულ–საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა.
„კავკასიური სახლი“ იმ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც გააცნობიერეს სიტუაციის სირთულე რეგიონებში და წლების განმავლობაში ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტებს საქართველოს რეგიონებში, ძირითადად, კახეთში. ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს პროექტები ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო სახისაა; რამდენიმე წლის განმავლობაში „კავკასიური სახლი“ გამოსცემდა რეგიონულ ჟურნალს „ჩვენი სოფელი“ და მას უფასოდ არიგებდა სოფლის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში. ამ ჟურნალის განახლება აუცილებლად წაადგება რეგიონის მოსახლეობის ინტელექტუალურ განვითარეას.
თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ პროექტთა ნაწილი გასცდა „კავკასიური სახლის“ ძირითადი საქმიანობის სფეროს, მოხდა შვილობილი ორგანიზაციის – სათემო განვითარების ცენტრის – დაფუძნება.
„კავკასიური სახლი“ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში „ტრადიციული“, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მხარდაჭერის გზით.
2.2. კავკასიური კვლევის პროგრამა
”კავკასიური სახლი” დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე.
ჩვენი ძირითადი მიდგომა გულისხმობდა ინტერ-კულტურულ ურთიერთობებს, პირველ რიგში, მხატვრულ თარგმანს, როგორც ხალხებს შორის კომუნიკაციისა და გაუცხოების დაძლევის ეფექტურ საშუალებას; საერთოკავკასიურ კონფერენციებს, კავკასიელ მეცნიერთა თუ ახალგაზრდათა არაფორმალურ შეხვედრებს და ა. შ.
სხვადასხვა დროს ორგანიზაციაში ქართველებთან ერთად მუშაობდნენ: აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ჩერქეზი, რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. „კავკასიური სახლი“ წარმოადგენს მშვიდობიანი კავკასიის ერთგვარ მიკრომოდელს. თანმიმდევრულმა მუშაობამ და მულტიეთნიკურმა შემადგენლობამ ორგანიზაციას რეგიონის მასშტაბით აღიარება და ნდობა შესძინა.
კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა აქტორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია მსოფლიოში. მისი კომპლექსური შესწავლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ანალიტიკურ ცენტრში და ეს ინტერესი სულ უფრო იზრდება. დღეისათვის საქართველოშიც არსებობს კავკასიის შემსწავლელი რამდენიმე საუნივერსიტეტო კათედრა. თუმცა საჭიროა სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება.
სწორედ არსებული ვითარებისა და კავკასიური სახლის გამოცდილების გათვალისწინებით, 2011 წელს ცალკე სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა კავკასიური კვლევის პროგრამა.
პროგრამის მიზანი
პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თანმიმდევრული და ეფექტიანი კავკასიური პოლიტიკის ფორმირებას –კავკასიაში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების საშუალებით.
პროგრამული მიმართულებები
1. "კავკასიური სახლის" ბაზაზე კავკასიური კვლევების ანალიტიკური ცენტრის ფორმირება.
ცენტრის ფორმირება, ერთი მხრივ, გულისხმობს წლების მანძილზე ”კავკასიური სახლის” მიერ დაგროვილი შესაბამისი მასალებისა და რესურსების სისტემატიზაციას, რათა ეს ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და, მეორე მხრივ, ანალიტიკური ცენტრის მუშაობის ფორმების განსაზღვრასა და განვითარებას, `კავკასიური სახლის~ ანალიტიკოსთა გუნდის ჩამოყალიბებას.
2. ადამიანური რესურსების მოზიდვა და კავკასიურ კვლევებში აქტიური ჩართვა.
ამ მიზნით პროგრამა შეეცდება სტაჟიორების მოზიდვას ახალგაზრდა მეცნიერების რიგებიდან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოში ჩამოსულ კავკასიელ სტუდენტებზე. ახალგაზრდა თაობას „კავკასიური სახლი“ შესთავაზებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებსა და აკადემიურ სემინარებს და ამავდროულად ჩართავს კონკრეტულ კვლევით აქტივობებში.
3. კავკასიაში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტის გამოცემა.
”კავკასიურ სახლში” სტაჟირებაზე მყოფი ახალგაზრდების დახმარებით ყოველთვიურად გაკეთდება პრესის მიმოხილვა, დაიჯესტი, რომელიც ასახავს, რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებს.
საწყის ეტაპზე იგი დაიდება ორგანიზციის ვებგვერდზე, ხოლო მომავალში, ფინანსების მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელია დაიჯესტს დაერთოს სხვადასხვა ანალიტიკური სტატიები და გამოიცეს ჟურნალის სახით.
4. ჟურნალ "კავკაზსკი აქცენტის" განახლებული სახით გამოცემა.
„კავკასიურ სახლი“ 1999 წლიდან გამოსცემდა გაზეთს „კავკაზსკი აქცენტი“, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ცვლილება განიცადა, ვიდრე ჟურნალის სახეს მიიღებდა, თუმცა, მისი კონცეპტუალური მხარე, ძირითადად, უცვლელი დარჩა.
2010 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით „კავკაზსკი აქცენტმა“ მიიღო ჟურნალის სახე და ყოველი ნომრის ფარგლებში შემდეგი მიზნების შესრულებას ისახავდა: კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქება; რეგიონში ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვისა და მათი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; ეკოლოგიური და მოქალაქეობრივი ცნობიერების დანერგვა; არასამთავრობო სექტორის მუშაობის ასახვა; ასევე: საქართველოში რუსულენოვანი მედიის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა.
„კავკასიური სახლი“ მომავალში კვლავაც ეცდება გამოსცეს ჟურნალი; ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განახლება და ჟურნალის რევიზია მისი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
იქიდან
გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს კავკასიის თემატიკაზე კონცენტრირებული რეგულარული
აკადემიური გამოცემა, „კავკასიური სახლი“ შეეცდება ამ ნიშის დაკავებას და
კავკასიის კვლევების პროგრამის ფარგლებში მოახდენს ჟურნალ „კავკაზსკი აქცენტის“
შესაბამის მოდიფიკაციას.
5. კავკასიის კველევითი პროექტების განხორციელება და შედეგების ფართოდ განვრცობა.
კავკასიის რეგიონი მრავალ ფაქტორთა გამო სულ უფრო მზარდი ინტერესის საგანი ხდება. მაღალია მოთხოვნა რეგიონის შესახებ რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევებზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცენტრები, როგორც საკუთრივ კავკასიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც შეისწავლიან რეგიონს, აშკარაა ხარისხიან კვლევათა ნაკლებობა.
„კავკასიური სახლი“ მონიშნავს რეგიონის კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებს და შექმნის რამდენიმე კვლევით პროექტს. კვლევების შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდის, სოციალური ქსელების, ჟურნალების თუ თემატური დისკუსია-სემინარების მეშვეობით მიეწოდება დაინტერესებულ საზოგადოებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება კვლევის შედეგების ხელისუფლების შესაბამისი შტოებისათვის წარდგენას.
კვლევითი პროექტების შემუშავება, ფინანსური უზრუნველყოფა
და შემდგომი განხორციელება პროგრამის ხელძღვანელის, აღმასრულებელი დირექტორისა და
გამგეობის თავმჯდომარის მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება.
6. „კავკასიური სახლი“, როგორც კავკასიური დისკუსიებისა და სემინარების გამართვის ადგილი.
„კავკასიური სახლი“ ყოველთვის იყო საზოგადოების აქტიური ნაწილის შეკრების ადგილი; დისკუსიებისა და სემინარების ფარგლებში მუდმივად ხდებოდა აქტუალური მოვლენების განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სხვადასხვა სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო, „კავკასიური სახლის“ ეს ფუნქცია, მნიშვნელოვნად შემცირდა; გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც დაიწყეს ამ ტიპის საქმიანობის უფრო უკეთესად წარმართვა.
კავკასიური კვლევების პროგრამის მეშვეობით „კავკასიურ სახლს“ აქვს შესაძლებლობა გახდეს ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევარებისა და ზოგადად, რეგიონით დაინტერესებული ადამიანების შეკრების ადგილი.
ამჟამად თბილისის უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე ათეული კავკასიელი სტუდენტი სწავლობს. „კავკასიური სახლი“, ერთი მხრივ სტუდენტების მომხსენებლებისა და სტუმრების სტატუსით მოწვევის მეშვეობით, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვით, გამართავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას მხარეებს შორის და კავკასიელი სტუდენტების ქართულ სამეცნიერო წრეებში, ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.
ასევე, ორგანიზაციის ინტერესია საუკეთესო სტუდენტების შერჩევა, „კავკასიურ
სახლში“ დასაქმების მიზნით.
2.3. სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა
კავკასიის რეგიონი გამორჩეულია სხვადასხვა ეთნოსთა და რელიგიათა სიმრავლით. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ეს სიმდიდრე გადაულახავ ბარიერად იქცა რეგიონისთვის. 80–იანი წლების ბოლოდან კავკასია იქცა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ დაპირისპირებათა პოლიგონად. დღეისათვის შეიარაღებული კონფლიქტების ფაზა საბედნიეროდ დასრულებულია, მაგრამ არსებობს ე.წ. გაყინული თუ ლატენტური კონფლიქტების მთელი წყება, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქონ გაუაზრებელი პოლიტიკის შემთხვევაში.
სამოქალაქო დიპლომატია არის ის სფერო, რომელშიც ჩართული იყო „კავკასიური სახლი“ ორგანიზაციის დაფუძნებიდან მოყოლებული. ჩვენთვის ცხადია, რომ არსებულ კონფლიქტებზე მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ინტეგრაციაზე ზრუნვა. ნებისმიერი კონფლიქტი იწყება იქ, სადაც ხდება გაუცხოება ხალხებს შორის.
საქართველოსთვის, როგორც მულტიეთნიკური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოახდინოს საკუთარი მოქალაქეების ინტეგრაცია. ამ მიზნის შესასრულებლად, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამოქალაქო საზოგადოების ორანიზაციებსაც. კავკასიური სახლი თავისი პროფილის, ღირებულებებისა და დაგროვილი ცოდნის შესაბამისად კვლავაც აქტიურად განაგრძობს ამ სფეროში მოღვაწეობას.
პროგრამის მიზანი
რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.
სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა იმუშავებს კავკასიური კვლევების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის საქმიანობების დაგეგმვა მოხდება კვლევებიდან მიღებული საჭიროებების მიხედვით. პროგრამა მუდმივად დაეყრდნობა კვლევების შედეგად გაკეთებული პოლიტიკის ანალიზს.
პროგრამული მიმართულებები
1. უმცირესობებისათვის კულტურული თვითგამოხატვის შესაძლებლობების შექმნა.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თვითგამოხატვაზე მიმართული პროექტების განხორცილების შედეგად, „კავკასიური სახლი“ საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მუდმივი შეკრების ადგილად იქცა.
წლების მანძილზე „კავკასიური სახლი“ ახორციელებს პროექტს „კულტურის კალენდარი“, რომელიც ემსახურება საქართველოს მულტიკულტურული სივრცის შესწავლას, მის მიტანას ქართველ და არაქართველ საზოგადოებამდე. ამ მიზნით იმართება ეთნიკური უმცირესობების კულტურის მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრები, ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოები, პერფორმანსები, გამოფენები.
ასევე, შესაბამისი თხოვნის საფუძველზე, „კავკასიური სახლი“ უფასოდ უთმობს საკუთარ დარბაზს სათვისტომოებსა და უმცირესობების ორგანიზაციებს სხვადასხვა შეკრებებისა თუ საღამოების მოსაწყობად.
„კავკასიური სახლის“ მუშაობა უმცირესობებთან არის პრიორიტეტული მიმართულება და პროექტის „კულტურის კალენდარი“ განხორციელების დინამიკა გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა ამგვარ კულტურულ სერვისებზე სულ უფრო მზარდ ხასიათს ატარებს. „კავკასიური სახლი“ მომავალში დახვეწს პროექტის „კულტურის კალენდარი“ კონცეფციას და მას კიდევ უფრო დინამიურს გახდის.
2. კავკასიის ხალხების კულტურის, ლიტერატურისა და თანამედროვეობის შესახებ ინფორმაციის განვრცობა, მათი კულტურული მონაპოვრის სხვადასხვა თემატურ გამოცემებში ასახვისა და თარგმნის მეშვეობით.
„კავკასიური სახლის“ საგამომცემლო საქმიანობა მუდმივად მოიცავს:
- კავკასიელ ხალხთა ლიტერატურული ძეგლების თარგმნას სხვა ენებზე;
- ლიტერატურული ძეგლების თარგმნას ერთმანეთის ენებზე, ანუ რომელიმე კავკასიური ძეგლის – სხვა კავკასიურ ენაზე;
- გამოიცემა საინფორმაციო-საცნობარო ლიტერატურა.
„კავკასიური სახლი“ კვლავაც განაგრძობს ამ გზით კავკასიელი ხალხის დაახლოებას და კულტურულ ინტეგრაციას.
3. კონფლიქტის მხარეებს შორის სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული საქმიანობების წარმართვა.
„კავკასიური სახლი“ საკუთარი მისიიდან და ხედვიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობის პროცესის ხელშეწყობას მიიჩნევს. ორგანიზაციაში სხვადასხვა პერიოდში გვერდიგვერდ მუშაობდნენ ქართველები, აფხაზები და ოსები; სომხები და აზერბაიჯანელები; ოსები და ინგუშები. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშვიდობის მშენებლობისაკენ მიმართულ სხვადასხვა ინიციატივებსა თუ პროექტებში.
„კავკასიური სახლის“ რამდენიმე წარმომადგენელი ჩართულია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგში, რიგი პროექტების ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ „კავკასიური სახლი“ კონფლიქტებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით ცდილობდა, ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ორგანიზაციის წარმომადგენელთა არა მხოლოდ სხვადასხვა ფორმატებში მონაწილეების სტატუსით ყოფნა, არამედ საკუთრივ პროცესებისა და პროექტების ინიცირება.
„კავკასიურ სახლის“ საქმიანობაში რეგიონის პრობლემატიკით დაინტერესებული სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი არის ჩართული. შესაბამისად, კავკასიაში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მიმართული პროექტები, ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერით, სხვადასხვა სტატიების/კვლევების პუბლიკაციითა და სემინარ-დისკუსიების მოწყობით იქნება დატვირთული.
4. მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ხელშეწყობა.
მაჰმადიან მესხთა უფლებების დაცვა და მათ ღირსეულ რეპატრიაციაზე ზრუნვა ყოველთვის იყო კავკასიური სახლის სტრატეგიული მიზანი. ამის გამო, როგორც ორგანიზაცია, ასევე მისი ცალკეული წევრები, ხშირად გამხდარან რეაქციულ ძალთა თავდასხმის ობიექტი.
მესხთა რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა შეიქნა. მიუხედავად მნიშვნელოვანი სირთულეებისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, მესხთა დაბრუნება საქართველოში ნელი ტემპებითა და მცირე რაოდენობით მაინც ხდება.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პროცესს მტკივნეულად აღიქვამს, ძლიერია უარყოფით სტერეოტიპთა სისტემა. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, „კავკასიური სახლი“ შეეცდება საკუთარი ძალისხმევა მიმართოს საზოგადოებრივი აზრის პოზიტიურ ფორმირებაზე, რათა ქართულ საზოგადოებაში მესხთა ინტეგრაციის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღოს.
5. "კავკასიური სახლის“ ვიდეო სტუდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ინსტრუმენტების შემუშავება.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფილმი საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. „კავკასიურ სახლს“ გაცნობიერებული აქვს ამ „იარაღის“ ძალა და ცდილობს მისი საშუალებით იმოქმედოს ქართული საზოგადოების ფართო ფენებზე.
ვიდეო სტუდიას ხშირად მიმართავს სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაც. ამჟამად პროგრამის ფარგლებში გადაღებულია ფილმები: ეთნოკონფლიქტებზე საქართველოში, საქართველოდან დეპორტირებულ მოსახლეობაზე, დევნილებზე აფხაზეთიდან და საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებზე, მათ ყოფასა და კულტურაზე.
6.რუსულენოვან მოსახლეობასთან მუშაობა
რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების მზრდი დაძაბვა იწვევს საქართველოში არსებული რუსულენოვანი ლიტერატურისა და კულტურის მარგინალიზაციას.
ვფიქრობთ, საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი, რუსულენოვან პოეტთა და მწერალთა ხელშეწყობა (მათი ნაწარმოებების თარგმნა, მათი წიგნებისა და დისკების გამოცემა), მათი ჩართვა რუსულ–ქართული კულტურული ურთიერთობების შენარჩუნებისა თუ აღდგენის საქმეში, ასევე, სამშვიდობო პროცესებში, მნიშვნელოვანია როგორც ადამიანური, ასევე ლიტერატურულ–საზოგადოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით.















