- თქვენი რომანი „პირველ ორი წრე და ყველა სხვა" 1992-94 წლებშია დაწერილი. ახლა რატომ გადაწყვიტეთ მისი გამოქვეყნება?
- უმეტესად მეკითხებიან, აქამდე რატომ არ დაბეჭდეთო. ერთმა მკითხველმა წერილი გამომიგზავნა, სხვათა შორის, ნამდვილი წერილი: ხელით ნაწერი და კონვერტით, სადაც წერს: „ის, რომ მწერალი ლამის რვაასგვერდიან რომანს დაწერიდან 16 წლის შემდეგ აქვეყნებს, ყველაზე კარგად ახასიათებს ჩვენს სიტუაციას და საზოგადოებას. ამ საზოგადოებასთან მწერალს აღარ მიუხარია, აღარ ეჩქარება მასთან შეხვედრა, შეიძლება ითქვას, ხელი აქვს ჩაქნეული და ხალისი დაკარგული, იგი ვეღარ ხედავს აზრს იმაში, რომ მიაწოდოს თანამოქალაქეებს მათი საერთო ბედისწერის ანალიზი, მოქცეული რთულ მხატვრულ ფორმაში. ესე იგი, მწერალს ეჭვი ეპარება, რომ ან ამ რომანს საერთოდ წაიკითხავენ, ან წესიერად წაიკითხავენ, ან ის რაიმეს ხელშესახებს გამოიწვევს... ესე იგი, ეს ფაქტი: ამხელა დროითი მანძილი ნაწარმოების ბოლოს დასმულ წერტილსა და მის გამოქვენებას შორის, მაშინ როდესაც მწერალი ცოცხალია და გამოუქვეყნებლობის მიზეზი არც ფინანსური ხასიათისა არ უნდა იყოს, თავად რომანის გაგრძელებად წარმოგვიდგება, რადგან მასში ასახულ პრობლემას ადასტურებს"...
- და თქვენ ეთანხმებით?
- ალბათ. სხვათა შორის, ეს მკითხველი ქალია, და მისი ეს პირადი წერილი მრავალ ლიტერატურულ რეცენზიას მოიტოვებს გვერდზე, ის კი არის თავისთვის და რაიმეს დაბეჭდვა თავშიც არ მოსდის, მაშინ როდესაც კარგი რეცენზიების ასეთი საშინელი დეფიციტია ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში. და ესეც იმავე პრობლემის პარადიგმაა...
- რომელი პრობლემის?
- უხალისობის. ამას იწვევს ავტორის მძიმე და ძალიან სევდიანი ეჭვი, რომ მის საზოგადოებაში აზროვნების მოთხოვნილება და უნარი უკიდურესად შესუსტებულია, ამიტომ ნაწარმოები, ან რეცენზია, განსაკუთრებით კი ის, რომელიც სწორედ ამ პრობლემას ასახავს, უკონტაქტოდ და უმისამართოდ რჩება, ესე იგი , აღარ გამოდის გაზიარება, რაც ხელოვნების მისწრაფებაა, მისი არსებითი იმპულსია... თუმცა, ამას თავი დავანებოთ, ამ რომანის სწორად წარმოთქმული სათაური უდიდეს იშვიათობად მექცა: უმთავრესად საბას პრემიის დღეებში ჩნდებოდა მედიაში ზეპირად თუ წერილობით და ყველაზე მანუგეშებელი იყო მისი რედუცირებული ფორმა: „პირველი ორი წრე" (მაშინ როდესაც „ყველა სხვას" აქვს მნიშვნელობა). სხვა ვარიანტები ასე ჟღერდა: „პირველი და მეორე წრე" , „ორი წრე", „ერთი ორი წრე" , „თითო ოროლა წრე" მოგვიანებით გაჩნდა: „პირველი ორი დღე", „ პირველი ორი თვე" და ამას წინათ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე „პირველი ორი წელი," სჯობს საერთოდ აღარ გაახსენდეს ვინმეს, თორემ შეიძლება „პირველ-მეორე საუკუნეებამდე" ჩავაღწიო...
_ ლაპარაკობენ, ამ რომანის განსაკუთრებულ პოლიფონიურობაზე, თუმცა ეს თვისება სხვა ნაწარმოებებშიც თვალში საცემია, მაგალითად, თუნდაც ადრეულ მოთხრობაში „სერსო". ასეთ სტრუქტურაში ალბათ ძნელია ცენტრალური იდეის გამოკვეთა...
_ ჩემი აზრით, საერთოდ ძნელია... მაგრამ გეთანხმებით, ნაწარმოებში, რომელიც ლაიტმოტივებად, თანაც არა იმდენად სიუჟეტურ, არამედ აზრობრივ ლაიტმოტივებად იტოტება და პერიოდულად ერთდება, განსაკუთრებით ძნელია ძირითადი აზრობრივი ხაზის დაჭერა, რომელზედაც ყველაფერია ასხმული... მაგალითად, აზროვნების უუნარობა და შესაბამისად მისი სიძულვილი გამოხატულია ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის წინააღმდეგ ამოფრქვეული აგრესიით, რომანის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა კუთხით რომ ჩნდება; ან „თარგმანის ცენტრის" იმ განყოფილების დევნით და საბოლოო განადგურებით, რომელსაც ევალება თარგმანის შედარება დედანთან თარგმანის ობიექტური შეფასების მიზნით, რასაც განათლება, აზროვნება და პატიოსნება სჭირდება. უფრო მნიშვნელოვანი და შეიძლება მთავარიც ლაიტმოტივია არშემდგარი მონანიება, სინანულის უუნარობა, შეუგნებელი დანაშაული, გამოუსყიდველი ცოდვა, რაც სხვადასხვა სახით ტრიალებს, იქნება ეს სტალინიზმისაგან გაუმიჯნაობა, თუ აქედან წარმოშობილი ნაციონალისტი ლიდერის კულტი, ან არაადამიანური დამოკიდებულება ყველაზე ნატანჯი ხალხის - მაჰმადიანი მესხების მიმართ. ეს ყველაფერი კი ერთდება არაერთ კონტრაპუნქტად, რომელთაგან საბოლოო არის ნგრევა: ხალხის აწმყოსი და მომავლის, ცხოვრებების, იმედების, კარგი გეგმების... (თუმცა, ერთ-ერთ პირველ რეცენზიაში რომანის იდეა თუ „სათქმელი" ჩემდა გასაოცრად, ასე იყო განმარტებული : „ყველაფერი კარგად იქნება").
ასე რომ თქვენს პირველ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, სულ ერთია რომანი როდის დაიბეჭდებოდა: ათი წლის წინ თუ 2050 წელს, პრობლემების თვალსაზრისით, საუბედუროდ, ის ყოველთვის აქტუალური იქნებოდა.
•- ერთგან წერდით, რომ რომანის შექმნას რაღაც თეზისები დაედო საფუძვლად...
- ამ რომანის შესახებ აქამდე არაფერი დამიწერია, ე. ი. არანაირი წერილობითი კომენტარი არ გამიკეთებია. რასაც თქვენ გულისხმობთ, ეგ ვთქვი რადიო თავისუფლების გადაცემაში, რომელიც მალხაზ ხარბედიას მიჰყავდა. მალხაზის შეკითხვამ გამახსენა, რომ 1989 წელს გაზეთ „ქართულ ფილმში" (მაშინ ისეთი სტატიების გამოქვეყნებას, სადაც ქუჩის ქართული ულტრანაციონალიზმის კრიტიკა შეიძლებოდა, მგონი, მხოლოდ ეს გაზეთი ბედავდა) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვწერდი: საბჭოთა ცხოვრებიდან გამოყოლილი მემკვიდრეობის სამი მთავარი შემადგენელია: ცუდი განათლება, არამყარი ეთიკური საყრდენები და დაავადებული ფსიქიკა მეთქი. მაშინ გულუბრყვილო იმედი მქონდა, რომ ამ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოვფხვრიდით. რას ვიფიქრებდი, თუ საქმე ისე წავიდოდა, რომ საბჭოთა განათლება, ეთიკური ნორმები და ფსიქიკური წონასწორობის დონე თვალშეუდგამ იდეალებად გვექცეოდა. მახსენდება გალაკტიონის სიტყვები: „იდგა დიდი ზიანება და ყორნების ჩხავილი..." ყველაფერი კიდევ უფრო, უკიდურესად დაზიანდა: სული, გული, სხეული, ენა, სინდისი, კულტურა, დედამიწა, ბუნება, ღიმილი... სადაც ხარისხისა და სიცოცხლის კვდომაა, იქ ყორნების ჩხავილიც ისმის (ჯერ მარტო ჩვენი ურცხვი და ბედკრული ესტრადა რად ღირს, სულ უმნიშვნელოთი რომ დავიწყოთ)...
•- რომანში ჩართული რომანი „ქარსა და ქვიშას შორის" გვიჩვენებს უცნაურ, „ნოვატორულ" ფსიქიატრიულ კლინიკას, რომელსაც „სტაციონარი „წიაღი" ეწოდება. აქ ავადმყოფებს, აკვიატებული იდეებით რომ არიან შეპყრობილნი და საქართველოს ისტორიის ცნობილ პიროვნებებთან აიგივებენ თავს, კი არ ათავისუფლებენ ამ იდეებისაგან, არამედ პირიქით, შესაბამისი აქსესუარით და სხვა მეთოდებით განუმტკიცებენ ილუზიებს. შემდეგ კი მთელი კლინიკა სათავეში უდგება საპროტესტო მოძრაობას. ასეთი დიდი წილი მოდის ჩვენს ცხოვრებაში ავადმყოფობის ფაქტორზე?
_ არამხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, უკანასკნელი საუკუნეების ყველა დიდი მოაზროვნე, მწერალი თუ ფსიქოლოგი საყოველთაო ავადმყოფობის დიაგნოზს სვამს. ამ ავადმყოფობას ფრანც ვერფელმა „მეტაფიზიკური გამოთაყვანება" უწოდა. იგი გულისხმობს, რომ ფატალურად გამოსულელებულია ყველა, ვინც სამყაროს შემოქმედს უარყოფს, ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ფორმალურად აღიარებს და ვითომ ემსახურება მას; და რომ ყველა დაავადება არსებითად ამ ბოროტი სისულელიდან მოდის და თანდათან შიგნიდან ხრავს მთელ ყოფიერებას. მაგრამ ჩვენთან თვითგამანადგურებელი იმპულსები განსაკუთრებით ძლიერია და ისეთ რეალობას ქმნის, რომელსაც ზაზა შათირიშვილმა „საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა" უწოდა. ასეთ „რესპუბლიკაში" კი შენ თვითონაც საკუთარ პოტენციურ სიგიჟეს უნდა ებრძოლო და ეს შეიძლება მთავარ საქმედაც გექცეს, რადგან მთავარი სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი და წყურვილია და ამის შესაბამისი ადგილის დაკავება ცხოვრებაში. და სწორედ ამაზე მოდის დღეს წარმოუდგენლად ძლიერ დარტყმა, ძირითადად ტელევიზიების, კონფორმისტი ინტელექტუალების, საერო და სასულიერო იდეოლოგების საშუალებით , რათა დაგარწმუნონ და მერე თავად შენც გათქმევინონ, რომ, მაგალითად, უდანაშაულო ადამიანის ჩაწიხვლა ან მოკვლა სალაპარაკოდ არ ღირს, როცა მომავლის დიადი საქმეები კეთდება; რომ მერე რა თუ ტაძარი იმ კანონიერი ქურდებისა და ნარკობარონების შემოწირული ფულით შენდება, რომელთაც როგორც ჭეშმარიტ საბჭოთა მოდგმას, ვერ დააჯერებ რომ ღმერთი ცეკას
მოხელესავით დღე და ღამ ქრთამს არ ელის და ა. შ.
•- რომანში მოქმედება „თარგმანის ცენტრში" ვითარდება სადაც, როგორც ამბობენ, ასახულია, ცხადია, მხატვრულად გარდატეხილი სინამდვილის სახით, 1974-90 წლებში თბილისში არსებული „მთარგმნელთა კოლეგია," სადაც თქვენც მუშაობდით.
თუ ისეთი ხელშეწყობა ჰქონდა თარგმანს საბჭოთა პერიოდში, რომ ლამის სამინისტროს ხელა, კარგად დაფინანსებული დაწესებულება ემსახურებოდა,- თქვენ არარერთხელ გისაუბრიათ ამ თემაზე პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით,- გამოდის რომ თარგმანი კულტურის პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი?
•- ასეთ ფართო კულტურულ ხედვას, ცხადია, ვერცერთ ხელისუფლებას ვერ მივაწერთ, ვისაც კი ჩვენ შევსწრებივართ. მაგრამ ფაქტია, რომ მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველოში არსებობდა ასეთი უნიკალური დაწესებულება, სადაც ქართული ლიტერატურა მსოფლიოს ენებზე ითარგმნებოდა და პირიქით; სადაც ყალიბდებოდა თარგმანის პროფესიული სკოლა და მთელი მსოფლიოდან მოწვეული უცხოელები (სტაჟიორები) ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდნენ; დაწესებულება რომელიც გამოსცემდა რუსულენოვან ლიტერატურულ ჟურნალს „კავკასიონს," სადაც კავკასიის ხალხთა ლიტერატურა ითარგმნებოდა რუსულ ენაზე ცნობილი რუსი მწერლებისა და პოეტების მიერ, რაც ქართველ, სხვა კავკასიელ და რუს ლიტერატორთა ნ შემოქმედებით მეგობრობას განაპირობებდა; გამოსცემდა ჟურნალ „საუნჯეს", სადაც დასავლურ-აღმოსავლური ლიტერატურა ითრგმნებოდა; დაწესებულება, რომელიც ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იწვევდა საერთაშორისო ლიტერატურულ-ფილოსოფიურ სემინარებს, „ბიჭვინთის სემინარის" სახელით რომ იყო ცნობილი და რუსეთისა და კავკასიის ცნობილ მწერლებს, ენათმეცნიერებსა თუ ფილოსოფოსებს მასპინძლობდა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული კულტურპოლიტიკა გახლდათ, რომელიც ესწრაფვოდა იმას, საქართველო ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ჰუმანიტარული ცხოვრების ერთ-ერთი სერიოზული კერა და არა მხოლოდ კარგი ჭამა-სმისა და დროსტარების ადგილი, ბალაგანი ( რისკენაც ჩვენი სამშობლო, სხვათა შორის, ყოველთვის მიდრეკილი იყო და ახლა ამ მიდრეკილების ბრწყინვალე რეალიზაციას ეღირსა).
ეს ყველაფერი კი ერთი შესანიშნავი პიროვნების, კულტურის ნამდვილი სრატეგის - ოთარ ნოდიას წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც თავად ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა, მაგრამ შემოქმედებითი ფანტაზია და პატრიოტული გრძნობები მოსვენებას არ აძლევდა. მან ისე მიაწოდა ედუარდ შევარდნაძეს თარგმანის ცენტრის შექმნის აუცილებლობა, რომ ის დათანხმდა და ყველანაირად ხელს უწყობდა. (ედუარდ შევარდნაძე, მოგეხსენებათ, ხელოვნებას და მეცნიერებას პატივს სცემდა, და მათ კომპენეტეციაში ან არ ერეოდა, ან უხალისოდ აკეთებდა ამას, როგორც ეს ამ საქმეში ჩახედული ხალხისგან მსმენია).
როგორც ჩანს, ხელისუფლება ცნობილ ქართველ კავკასიოლოგებსაც უჯერებდა, ან უარს ვერ ეუბნებოდა მათ და ამიტომ იყო, რომ ერთგვარ კავკასიურ პოლიტიკასაც ახორციელებდა: უმაღლეს სასწავლებლებში ჩრდილო კავკასიელი სტუდენტებისათვის დაშვებული ლიმიტით, მათ უგამოცდოდ მიღებას, უფასო საერთო საცხოვრებელს და სტიპენდიას რომ სთავაზობდა. ეს კი ზრდიდა ქართულ ორიენტაციას ჩრდილო კავკასიის ხალხებში. ცხადია, თავი არ უნდა მოვიტყუოთ: მოსკოვი რომ ამას წინ აღსდგომოდა, საქართველოს არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ რუსეთს, როდესაც საქართველო უკვე თავის ნაწილად და განუყრელ მოკავშირედ ესახებოდა, ნებას რთავდა საქართველოს შეესრულებინა კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქცია, გარკვეულ ზღვრამდე, რა თქმა უნდა.. . და ქართველი კავკასიოლოგები, ენათმეცნიერები, ისტორიკოსები თუ ეთნოგრაფები იყენებდნენ ამ შესაძლებლობას საკუთარი ხელისუფლების დახმარებით.
- და „მთარგმნელთა კოლეგიაში" მოამზადეთ რაინერ მარია რილკეს ხუთტომეული? ეს ხომ განსაკუთრებულ პირობებს და ინტენსიურ მუშაობას ითხოვდა?
•- ნამდვილად ითხოვდა. და კოლეგია ამ პირობებს ქმნიდა. მთარგმნელები ნორმალურ ჰონორარს იღებდნენ. გარდა ამისა, და ეს ახლა სიზმარი მგონია და მეც აღარ მჯერა, შესაძლებლობა ჰქონდათ, ხანგრძლივი, ხშირად რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი შვებულებები უფასოდ გაეტარებინათ ბიჭვინთის დასასვენებელ სახლში, არაჩვეულებრივ ადგილას. ამის ნაყოფი იყო მრავალი კარგად თარგმნილი კარგი წიგნი. ( ჩემი, ალბათ, ამაო ოცნებაა ასეთი შემოქმედებითი სახლის შექმნა. მწერლები და მთარგმნელები ჩვეულებრივ ძალიან ხელმოკლე ხალხია. ნეტავ შეიძლებოდეს, ნიჭიერებს შევუწყოთ ხელი, რადგან , როგორც ერთხელ თბილისში მყოფმა ბულატ ოკუჯავამ თქვა, უნიჭოები თვითონ იკაფავენ გზას).
როდესაც მე ჩამოვაყალიბე რაინერ მარია რილკეს შემოქმედების მთარგმნელთა დიდი ჯგუფი, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯემალ აჯიაშვილის, გივი ალხაზიშვილის, ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანის, ნათელა ხუციშვილის, თამაზ ბაძაღუას, ნინო დარბაისელის, მზია გელაშვილის და სხვათა შემადგენლობით, ჩვენც გავატარეთ ერთად ორიოდ კვირა ბიჭვინთაში. და ეს ძალიან ნაყოფიერი, ბედნიერი ერთად ყოფნა იყო, რომელმაც უამრავი კარგად თარგმნილი ლექსი თუ პროზაული ქმილება და ძვირფასი, მომღიმარე მოგონება დაგვიტოვა ყველას. (რადგან მუშაობაში მკაცრი ვარ და მათ სისხლს ვუშრობდი, ვახუშტიმ „რილკეს ქვრივი" შემარქვა და რაღაც სატირული ლექსებიც შემითხზა, ასეთ რაღაცეებს ჩუმ-ჩუმად ჯემალ აჯიაშვილიც მითხზავდა, მაგრამ ვერ გამტეხეს: დილ-დილობით საბანაოდ მიიპარებოდნენ ხოლმე ბუჩქებში. მე კი ჩემი მეორე სართულის აივანზე ვიყავი ჩასაფრებული და გადავჭყივლებდი ხოლმე: „აბა, უკან ახლავე! რილკესთან! საბანაოდ გამოგიშვათ აქ ოთარ ნოდიამ ?! ამისთვის გაჭმევენ პურს?!!" და რაღაც ეგეთები). ამ მუშაობის შედეგი კი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძნელად სათარგმნელი პოეტის, ევროპული პოეზიის ერთ-ერთი მწვერვალის -რაინერ მარია რილკეს - თხზულებათა ხუთტომეული, აკადემიური გამოცემა, როგორიც ყველა დიდ და განვითარებულ ქვეყანას არა აქვს და რომელიც მრავალ ბრწყინვალედ თარგმნილ ნაწარმოებს შეიცავს. მაგრამ ეს ხუთტომეული მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოიცა , რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას დამფინანსებელი აღარ ჰყავდა. ასე ამუხრუჭებს უფულობა კულტურულ პროცსებს. ამ ლიტერატურულმა პროექტმა გალას პრემია მიიღო, რაზედაც ცნობილმა კრიტიკოსმა თამაზ ვასაძემ წარადგინა. სხვა მხრივ ამ ნაშრომს დიდი ყურადღება არ ღირსებია.
_ და რას იტყვით ახლანდელ მთარგმნელობით პროცესებზე? თქვენი აზრით როგორ ვითარდება ეს საქმე ასეთ პრაგმატულ ეპოქაში, როცა სათარგმნი ლიტერატურის შერჩევის კრიტერიუმები ძირითადად კომერციულია? ან ვინ უნდა განსაზღვროს, როგორ თარგმანთან გვაქვს საქმე?
•- ახლა არ ვიცი, ვინ როგორ თარგმნის. თარგმანი მკაცრად ორგანზომილებიანი ხელოვნებაა და ასევე არსებითია ის, თუ როგორ არის გაგებული დედანი.რადგან მხოლოდ ის, რომ ქართულად კარგად ჟღერს, თარგმანის სიკარგეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს. იმ დედნის სწორად გაგება, რომელიც რთული აზროვნებითა და სტილით გამოირჩევა, ნახევარი საქმეა. მაგალითად, რილკეს ურთულესი ციკლი „დუინოური ელეგიები" რუსული პწკარედიდან ითარგმნა, რომელიც საბოლოოდ ბრწყინვალე გერმანისტმა, მუზილის სპეციალისტმა, საუბედუროდ ნაადრევად გარდაცვლილმა დათო დავლიანიძემ გააკეთა. მას რუსული განათლება ჰქონდა. ჩვენ არც მაშინ გვყავდა და არც ახლა გვყავს იმ მთარგმნელთა საკმაო რაოდენობა, რომელიც სჭირდება ნებისმიერი ევროპული ენიდან ასეთი რანგის პოეტის თხზულებათა თარგმნას. ამიტომ გახდა საჭირო ჯერ პწკარედული თარგმანის მომზადება, რასაც ხათუნა ცინცაძე და მე ვასრულებდით იმ მთარგმნელებისთვის, რომლებაც გერმანული არ იცოდნენ და ასეთი იყო უმეტესობა.
როგორ თარგმანთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება განსაზღვროს მხოლოდ იმ პროფესიონალმა, რომელიც ამა თუ იმ უცხოელი ავტორის შემოქმედების მკვლევარი, ან უბრალოდ კარგი მცოდნეა და თარგმანი დედანთან აქვს შედარებული.
დანარჩენი მე არ მჯერა. თარგმანის დედანთან შედარება კი იმდენად კატორღული სამუშაოა, რომ არ ვიცი, ვინ რატომ გააკეთებს ამას. ახლაც ძრწოლით მაგონდება, რამდენიმე წლის მანძილზე ათასობით პროზაულ და პოეტურ სტრიქონს რომ ვადარებდი დედანს. გაუთავებლად ვმუშაობდი მთარგმნელებთან ერთად და ყველაფერს ვერა , მაგრამ ძალიან ბევრს მივაღწიეთ სიზუსტის თვალსაზრისით. მაგრამ ამ ხუთტომეულში მაინც ბევრი ლექსია, რომელიც ქართულად ვირტუოზულად გამოიყურება, მაგრამ არც ინტონაციურად და მთლიანად არც აზრობრივად არ ემთხვევა დედანს. მაინც შევიტანე, როგორც ნიმუში;
სხვათა შორის, ზოგ თანამედროვე უცხოელ ავტორს ურჩევნია, პწკარედულად თარგმნონ, ვიდრე მთარგმნელმა მისი გამონათქვამი თავისი ფანტაზიით გააბუნდოვანოს ან გააყალბოს, რაც სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოვლენაა ხელოვნების ამ სფეროში, საქართველოში კი განსაკუთრებით. ესეც ჩემი რომანის ერთერთი ლაიტმოტივია.
_ და იქ თარგმანს ალბათ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს.
•- ჩვეულებრივ ასეა. თარგმანს რაც შეეხება, ის კარგად ავლენს მთარგმნელის მენტალურ ხარვეზებს. აუცილებელია მთარგმნელს გააჩნდეს სიზუსტის მოთხოვნილება, რაც პატიოსნებასთან არის გადაჯაჭვული, შიშთან, არ გააყალბოს ავტორის აზრები და განცდები. განსაკუთრებით საჭიროა ეს სააზროვნო ტექსტების თრგმნისას, როგორიცაა ჩვეულებრივ გერმანული პროზაულ=პოეტური ტექსტები, რადგან გერმანულ ლიტერატურას იმთავითვე ფილოსოფიასთან სიახლოვე დაებედა.
თუ აზრობრივი ზერელეობა, უზუსტობა, ბუნდოვანება და სტილური ეკლექტურობა ამა თუ იმ ხალხის ცნობიერების მახასიათებლებია, მაშინ ძნელი არ არის გამოიცნო, რას შეძლებს ეს ხალხი ცხოვრებაში, რა დაემართება მას.
გარდა ამისა, თარგმანია ყველაფერი, მთელი ჩვენი ყოფიერება. მთავარი დედანი კი სამყაროა. მისი ავტორი ღმერთი. ყველა თავისებურად თარგმნის (ანუ, იგებს და გადასცემს) ამ ტექსტს. იესო ქრისტეც მთარგმნელია. ის გადმოგვცემს მამის სიტყვებს, მაგრამ ხომ უნდა მოარგოს ამ სათქმელს ადამიანებისთვის გასაგები ფორმა. მახარობლებიც მთარგმნელები არიან, ქრისტეს სიტყვები უნდა აღიდგინონ, გაიაზრონ და შესაბამისი ფორმა მოუძებნონ, რასაც სული წმიდის მეშვეობით ახორციელებენ. ციდან დახმარება დედამიწაზე მოხვედრილ ყველა შემოქმედს ჭირდება.
- ჩემი აზრით, „პირველი ორი წრე და ყველა სხვა" არსებითად ამბობს, რომ ჩვენ ერთსა და იმავე წრეში ვტრიალებთ და აქედან გამოსვლისათვის ჯერ საფუძველი არ შეგვიქმნია. თუმცა, თუ სწორად გავიგე, პირველ და მეორე წრეს თარგმანთან მიმართებაშიც ენიჭება მნიშვნელობა, იმ აზრით, რომ პირველი წრეა ტექსტის გაგება და მეორე - მისი გადატანა მეორე ენაზე. მაგრამ ახლა მინდა სიუჟეტს დავუბრუნდეთ. რომანის ერთ-ერთი კულმინაცია არის „თარგმანის ცენტრის" დარბევა და განადგურება. თუმცა, იგი აქ არ მთავრდება. რა მოხდა რეალურ ცხოვრებაში რეალური „მთარგმელთა კოლეგიის" განადგურების შემდეგ? აქ დამთავრდა ყველაფერი?
•- არა, „მთარგმნელთა კოლეგიიდან" 1993 წელს ამოიზარდა „კავკასიური სახლი", რომელიც ზუსტად ისევეა დევნილი და შევიწროებული, როგორც „კოლეგია" იყო, რამაც ბატონ ოთარ ნოდიას სიცოცხლე შეიწირა. ალბათ გაიგებდით, -ჩვენ ამის შესახებ მრავალი მასალა გამოვაქვეყნეთ, - წლების მანძილზე როგორ მუშაობდა კულტურის სამინისტრო (რუსული კლუბის გამგეობის წევრებთან ერთად) „კავკასიური სახლის" წინააღმდეგ, იმ მიზნით რომ გალაკტიონის ქ. 20 -ში მდებარე ოთხსართულიანი შენობა, რომელიც „კავკასიური სახლისთვის" აღადგინა და ააშენა ევროპულმა ფონდმა „ჰორიცონმა" რუსულ სახლად გადაეკეთებინათ და ჩვენი ორგანიზაცია თავისივე შენობიდან გაეძევებინათ. ფორმალურად მთელი ოთხსართულიანი სახლი ვითომ „სმირნოვების მუზეუმისთვის" უნდა გადაეცათ, რომელიც ჩვენი შენობის სამ ოთახშია მშვენივრად განთავსებული და „კავკასიური სახლის" მიერაა გადარჩენილი და რესტავრირებული. კულტურის სამინისტროში შექმნილი იყო „ კავკასიური სახლის პრობლემაზე მომუშავე" კონსპირაციული ჯგუფი, ხუთი კაცის შემადგენლობითა და ქნ ინგა ქარაიას თაოსნობით, რომელსაც უნდა დაესაბუთებინა, რომ „კავკასიური სახლი" ცუდი და მავნე ორგანიზაციაა და კარგი იქნება, თუ არ იარსებებს, ხოლო „სასიცოცხლოდ აუცილებელია" „სმირნოვების მუზეუმით" ანუ რუსული სახლით მისი ჩანაცვლება. რაც მათ გააკეთეს კიდეც. არ ვიცი, რა ღირს ასეთი დავალებების შესრულება. თქვენ რომ მათი შედგენილი დოკუმენტი განახათ, 37 წელი და „ტროიკები" გაგხსენდებათ: არცერთი მათგანი და არც კულტურის მინისტრი არცერთხელ არ ყოფილა „კავკასიურ სახლში", და არცერთ ჩვენს წერილზე არ უპასუხია. მათ კონსულტაციებს „რუსული კლუბის" გამგეობის წევრები უწევდნენ. ეს არის სიძულვილით სავსე ტექსტი, სადაც ერთი კარგი სიტყვა არ არის ნათქვამი „კავკასიურ სახლზე". თუ ყველა სამინისტროდან ასეთი წერილები მისდის პრეზიდენტს, წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქვეყანა. კიდევ კარგი, რომ იგი დროზე გაერკვა სიტუაციაში და ალაგმა გეგმა, რომლის მიხედვითაც, როგორც გვითხრეს, ორგანიზაციას სასწრაფო წესით (და ალბათ იძულებით) უნდა დაეტოვებინა შენობა. ისე რომ რუსული კლუბის გამგეობიდან ჩვენს დაცვას ზარზეიმით დაურეკეს და უთხრეს, მალე მანდ „კავკასიური სახლი" ფეხი აღარ იქნებაო. თითქოს რაღაც დამნაშავე ორგანიზაციას ეხებოდა საქმე, უკვე თანამშრომელთა ბინების ჩხრეკა იწყებოდა. აი, ეს მივიღეთ მრავალწლიანი თავაუღებელი შრომის საფასურად.
რატომ გიყვებით ამას ასე დაწვრილებით? გაიხსენეთ „პირველი ორი წრე". როგორც „თარგმანის ცენტრი" დაანგრიეს, ასევე ანგრევენ ოცი წლის შემდეგ მის გადარჩენილ და აღორძინებულ ნაწილს „კავკასიურ სახლს" . ეს არის საქართველოს ისტორია: ააშენებს რაღაცას ერთი ან ორი ადამიანი, და დააცხრება თავს მასა, არაფერი რომ არ შეუქმნია, და გააცამტვერებს, მით უმეტეს თუ ამით უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. და არაფერი არ გრძელდება: არ რჩება სკოლა, კონტექსტი, არ იქმნება კულტურის უწყვეტობა. ამიტომ ვუწოდე ქართულ კულტურას წერტილოვანი. და ამით ხომ უამრავი ადამიანის ცხოვრება იმსხვრევა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ კავკასიური სახლი ასეულობით დევნილი, სახლკარგადამწავარი ბაშვის სახლად იქცა ჩვენი შაბათ-კვირის სკოლის წყალობით, რომელსაც ასევე ფონდი „Horizon" აფინანსებს უკვე ათი წელია!
600 - ზე მეტი ბავშვი სწავლობდა ამ სკოლაში და ისინი დღესაც ამ სახლის ირგვლივ ტრიალებენ. გუშინწინ ახალი ნაკადი მივიღეთ. ისინი პასუხს მოსთხოვენ ამ ბატონებს და ქალბატონებს, რომლებსაც გადაუწყვეტიათ ამგვარად ასიამოვნონ რუსეთს, ამ ბავშვებს ყველაფერი რომ გადაუბუგა!
-აისახება „კავკასიური სახლის" ისტორია ნაწარმოებში? ამით ხომ ფაქტიურად „პირველი ორი წრე" გაგრძელდება!
- აისახება. აისახებიან ისინიც, ვინც მას აშენებდა და ისინიც, ვინც მათ ანგრევდა. ასე რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ზოგი სხვაც სამუდამოდ შერჩებიან ქართულ კულტურას. ახლა კი ვცემთ ამ ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ბროშურას.
- თქვენი მეორე რომანი „ჩვენი გრძელი ამბავი" ერთგვარ ოჯახურ საგად არის ჩაფიქრებული. ძნელია დაწერო რომანი საკუთარ ოჯახზე?
•- გონებისთვის შეიძლება ძნელი არ არის, მაგრამ ძალიან ძნელია გულისთვის. ტირილის პირას წერ, გულის კვნესით, რადგან მთელ შენს წარსულს ფანქარივით თავიდან უთლი მობლაგვებულ წვერს და ყველაზე მგრძნობიარე ნერვებზე იტარებ. რაც წარსულში კარგი იყო, ვეღარ გაიმეორებ, რაც ცუდი იყო, - ვეღარ გამოასწორებ; ვეღარ დაიბრუნებ დაკარგულ, უძვირფასეს ადამიანებს, რომელთან საუბარი და საერთოდ, ურთიერთობა ვერ შედგა, რომლებსაც გულს ტკენდი, რომლებიც გულს გტკენდნენ და ერთმანეთი, კაცმა რომ თქვას, ვერ გაიცანით. გრჩება ერთი საქმე: შენი ცხოვრების გამართლება, რახან აქამდე ცოცხალი დარჩი: მოვალეობის მოხდა იმათ წინაშე, ვინც შენ შეგადგინა, განსაკუთრებით იმათ წინაშე, ვინც შენზე ადრე დასტოვა დედამიწა. მათი ცხოვრების, სახეების გადარჩენა ტექსტით.
სხვათა შორის, ძალიან გვიან ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი, რა ღრმა კვალს ტოვებს ადამიანის სულში და რამდენი ცოდნა სჭირდება სიყვარულის ტარებას, ურთიერთობას და როგორ გვაკლია ეს ცოდნა ჩვენ ყველას. არ მეგონა, თუ მერე და მერე სულ უფრო მეტ ტკივილად მექცეოდა ყველა უმნიშვნელო წყენაც კი, რაც ჩემი ოჯახის წევრებს მივაყენე. ახლა აღარ მესმის, რატომ არ შემეძლო გამგონე ბავშვი ან მოზარდი ვყოფილიყავი და მამაჩემისთვის წარამარა გული არ მეტკინა. საშინლად ურჩი და რაღაც გაუგებარი დამოუკიდებლობისთვის დაუნდობლად მებრძოლი ბავშვი ვიყავი. ოჯახი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ფენომენია და ყველაზე ძლიერ განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და ბედისწერას. ის დიდი საიდუმლოა, სად მიდის მისი ფესვები, რომელ უხილავ სინამდვილეში, არ ვიცით. ამაზე მიანიშნებს ის, რომ ბიბლიაში მშობლების შეურაცხყოფა უმძიმეს დანაშაულად ითვლება და წყევლის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, ბიბლია არ არის ემპირიულად ახსნადი წიგნი. ათ მცნებაში მშობლების შეურაცხყოფის აკრძალვა წინ უსწრებს მკვლელობის, ქურდობის და მრუშობის აკრძალვას. თუმცა, სხვაგან ღმერთი მშობლებისგანაც ითხოვს, არ გააღიზიანონ თავიანთი შვილები. ეს იმიტომ, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობას სიბრძნე და მოთმინება სჭირდება და მათი ცუდი ურთიერთობა ანგრევს სულებს, ოჯახს, მათ მომავალს და იმათ ცხოვრებასაც, ვისაც ასეთ ოჯახში გაზრდილი ადამიანები დაუკავშირდებიან.
შორს წავედი, მოკლედ, ოჯახზე წერა ძნელია. კიდევ იმიტომ, რომ ძალიან მეშჩანი და უბირი ადამიანები გვახვევია გარს, რომლებიც პატივს არ სცემენ ადამიანის ბედისწერას, მის პირად ცხოვრებას და საჭორაოდ და სათრეველად ხდიან მას, ნაცვლად იმისა, რომ ჩაუღრმავდნენ იმას, თუ როგორ იტანჯა, როგორ დასძლია ან ვერ დასძლია ადამიანმა თავისი განსაცდელები.
ბევრი მწერალი თვლის, რომ რეალურად მომხდარზე, ნამდვილად არსებულ ადამიანებზე წერა უფრო ძნელია, ვიდრე გამოგონება. ჰერმან ჰესეს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ნამდვილი ამბებისა და ადამიანების, ოჯახის წევრებისა და სხვების ასახვა, გამოგონება კი მიჭირსო, ამბობდა. მე კი გამოგონება უფრო ადვილი მგონია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ცოცხალ ადამიანებზე სიმართლეს ვერ დაწერ, გულს ვერ ატკენ.
•- წელს გამოვიდა თქვენი ნაწარმოებების „რჩეული" ერთ ტომად, გამომცემელია ბადრი შარვაძე. ამ წიგნმა მკითხველი დააბნია, რადგან მანდ თქვენი „დედის ოთახის," „ამბრნი, უმბრნისა და არაბნის" და რამდენიმე ცნობილი მოთხრობის გარდა შესულია ზურა მესხის გახმაურებული „სპაზმები" და ვინმე ესმა ნოზაძის ორი პოემა...
•- ჰო. ფილოსოფოსი და გამომცემელი ბადრი შარვაძე თან გენიოსია და თან ყოვლად ახირებული და აუტანელი ადამიანი. ისე გამოსცა ეს წიგნი, ჩემთვის არაფერი უკითხავს. ამავე დროს ის ჩვენი გამომცემლობის მენეჯერია და ამ საქმე ში შეუცვლელი. რა ვქნა ეხლა, რომ ვუჩივლო, ასეთ მენეჯერს ვეღარ ვიშოვით. და ამ სტამბებთან ურთიერთობის თავი ვისა აქვს! ასეთი ლოგიკით გააერთიანა ეს ნაწარმოებები: რადგან მკითხველთა ნაწილი ესმა ნოზაძისა და ზურა მესხის ტექსტებს ნაირა გელაშვილს მიაწერს, აი ახლა შეადარონ ერთმანეთს, გააკეთონ სტილური და შინაარსობრივი ანალიზი და ისე დაასკვნან ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან გვაქვს საქმე თუ რასთან გვაქსო. მას ჰგონია, რომ ხალხი ანალიზის წყურვილით კვდება, რადგან თვითონ ანალიტიკოსია. აი, ასეთი ამბები ხდება.
•- და მაინც ვინ არის ამ ნაწარმოებების ნამდვილი ავტორი?
•- მოდი, დავუტოვოთ ეს მკითხველს საანალიზოდ...
- თქვენს ჟურნალ „აფრაში" გამოქვეყნებული გაქვთ ბიოგრაფიული რომანების ციკლი:
„ჰიოლდერლინი," „ზრდის ბედნიერება, ანუ მხატვარი პაულა მოდერზონ -ბეკერი" და სხვ... ძნელია ეს ჟანრი? და თუ გაგრძელდება ეს ციკლი?
•- ძნელია, რადგან ძალიან შრომატევადია. მე ხომ უცხოელი მწერლისა თუ მოაზროვნის ბიოგრაფიას ვერ დავადგენ. ჩვენგან განსხვავებით იქ ეს შესანიშნავად აქვთ დადგენილი. მაგრამ მე მაქვს ამა თუ იმ ავტორის ჩემეული ხედვა, რაც მისი შემოქმედების შესწავლის საფუძველზე ჩამომიყალიბდა. ამიტომ მისი შემოქმედების კვლევების გარდა უნდა წავიკითხო უამრავი ბიოგრაფიული დოკუმენტი, მოგონებები და ა. შ. რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, შტრიხები, წერილები ამოვკრიფო. თან წიგნებიც პრობლემაა. ეს ციკლი გაგრძელდება და ვფიქრობ ცალკე წიგნებად გამოვა. ჯერჯერობით ცალკე წიგნად მხოლოდ „ჰიოლდერლინი" (ცხოვრება და შემოქმედება) გამოვეცით წელს. რიგშია: „შელინგი", „ნოვალისი," „პაულა მოდერზონ-ბეკერი", „ელზე ლასკერ- შიულერი", „დიტრიჰ ბოენჰოფერი" და სხვ. საერთოდ, ჩემი გერმანისტული შტუდიები, თარგმანები, ბიოგრაფიული რომანები თუ მონოგრაფიები მადლიერების გამოხატვაა ამ შემოქმედთა მიმართ, რომლებიც ჩემს უგზო-უკვლო მარტოობაში გზის მაჩვენებლებად მექცნენ, სტუდენტობიდან მზრდიდნენ და მაწვდიდნენ სულიერ საზრდოს, სიკვდილამდე რომ გამყვება საგზლად; მადლიერების გამოხატვაა გერმანიის მიმართ, რომელმაც ისეთი სულიერი სამუშაო განახორციელა, რაც არასოდეს შეწყვეტს კაცობრიობის განცვიფრებას, მისი აზრის მოძრაობაში მოყვანას და განსაკუთრებულ მოწოდებას. რა თქმა უნდა, ილიაზე და ვაჟაზე მშობლიური ჩემთვის ვერავინ იქნება, მაგრამ არსებობს მეორე სამშობლოც. თუ ღმერთმა დამაცადა, ამათ შესახებაც მინდა ბიოგრაფიული რომანების დაწერა, რაც მე მგონი, უფრო ძნელი იქნება მრავალი მიზეზის გამო.
•- გამოვიდა თქვენი თხზულებების ექვსტომეული. ამბობენ, კიდევ ათი ტომი უნდა გამოვიდესო...
•- კიდევ თოთხმეტია გამოსაცემი. ოცტომეულად არის დაგეგმილი, რაც მევე მზარავს, რადგან ამდენი ძველი ტექსტის წაკითხვა მომიწევს, ეს კი სადღაც უკან მექაჩება. ასე მგონია, ვერ შევძლებ, ძალა არ მეყოფა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ერთგული ადამიანი მეხმარება. და საერთოდ, ეს მათი ინიციატივაა. ქალბატონმა ლეილა სიხარულიძემ, წიგნის შესანიშნავმა რედაქტორმა მთელი ჩემი ტექსტები შეკრიბა, განსაკუთრებული საშინელება იყო ოცი წლის მანძილზე ათასნაირ ჟურნალ-გაზეთებში გაფანტული ჩემი პუბლიკაციების შეგროვება, მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებს რომ ეხება. ძალიან კარგმა ოპერატორმა ნინო პიპინაშვილმა ქრონოლოგიურად დაალაგა. ჩემი ყოფილი სტუდენტი, ძალიან საინტერესო პოეტი რუსუდან კაიშაური ლეილა სიხარულიძესთან ერთად კითხულობს და ასწორებს, გიორგი ლობჟანიძეც წაგვეხმარება ხოლმე, ხოლო ბადრი შარვაძეს ყველანი ტერორში ვყავართ: ჩქარა, ჩქარა ნუ ზოზინობთ, რას ჰგავს ეს, საშინლად ნელა მუშაობთ, მერე მე დრო აღარ მექნება და ვერ გამოვცემო! და მიუხედავად ამ ტერორისა გამოცემა ჩემს გამო იგვიანებს. რადგან ამჟამად ჩემში ვერ ვპოულობ ძალას წარსულთან, ანუ უკვე შექმნილთან დასაბრუნებლად.
24 საათი 03.10.10















