უკვე ერთი წელია, რაც ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში პროექტს - ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის მხადაჭერისათვის" - ახორციელებს; პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (European Union), გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის თბილისის საპროექტო ბიუროს (dvv international), გერმანული ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსათვის" (Diakonisches Werk der EKD, BfdW) და ევროპული ფონდი HORIZON-ის მიერ;
პროექტის მუშაობაში ჩართულია სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურები და სამი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია (სათემო კავშირი ,,ნუკრიანი", მედია-ცენტრი ,,კახეთი" და კავშირი ,,ნაფარეული") ;
გასულ წელს, პროექტის ფარგლებში, ექვსივე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაიარა თეორიული კურსები ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის, პროექტების წერის, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ზოგად მენეჯმენტში; ,,კავკასიური სახლის" სათემო განვითარების პროგრამის წარმომადგენლებისა და გარე ექსპერტების კონსულტაციების შედეგად, ექვსივე ორგანიზაციამ შეიმუშავა განვითარების სამწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
პროექტის მეორე ეტაპზე, სწორედ სტრატეგიულ ხედვებზე დაყრდნობით, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა (არასამთავრობო და სამთავრობო პარტნიორებმა ერთობლივად) შეიმუშავა კულტურისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მცირე პროექტი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და სათემო კავშირი ,,ნუკრიანის" ერთობლივი გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი მცირე პროექტის ფარგლებში, მოხდება ქ. სიღნაღის თეატრის აღჭურვა საფესტივალო და სასცენო ტექნიკით და გაზაფხულზე ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდება ვანო სარაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ,,ვანოობა"; აღნიშნული ფესტივალი ქალაქ სიღნაღისთვის ტრადიციული იყო და ახლა კვლავაც გაჩნდება მისი აღორძინებისა და ქალაქის კიდევ უფრო გამოცოცხლების საშუალება;
გურჯაანელმა პარტნიორებმა ქალაქში, მედია-ცენტრი ,,კახეთის" ბაზაზე, ე.წ. მობილური კინო-კლუბის დაფუძნება გადაწყვიტეს. სათანადო აღჭურვილობის შეძენა მედია-ცენტრს ,,კახეთი", საშუალებას მისცემს, ფილმები აჩვენოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კულტურის სახლებში, სახლ-მუზეუმებში. კინო-ტექნიკის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის სამსახურსაც შეეძლება.
თელავის კულტურის სამსახურისა და კავშირი ,,ნაფარეულის" საპროექტო იდეა კი, ე.წ. ,,თელავური სუვენირის" ხაზის შექმნა-განვითარებას, ძველი თელავის ფოტო-გამოფენის ორგანიზებას და ამ გზით, საქართველოს ამ უძველესი, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
,,კავკასიური სახლი" სამივე ინიციატივას მიესალმება და ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის მხადაჭერისათვის" - ფარგლებში;
,,კავკასიურ სახლს" მიაჩნია, რომ ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები ქვეყნის წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა და რომ სათემო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სწორედ - კულტურა და განათლებაა.
ანა მარგველაშვილი
,,კავკასიური სახლი"
სათემო განვითარების ცენტრი
გაზეთი ”კახეთის ხმა”
2011 წლის 7 თებერვალი















