„კავკასიური სახლი" 2000 წლიდან მუშაობს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. აქ მისი რეგიონული ფილიალი ფუნქციონირებს. ამ პერიოდში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სოფელში მრავალი მცირე პროექტი განხორციელდა.
თავდაპირველად, „კავკასიური სახლის" თანამშრომლები, ყოველ შაბათ-კვირას, ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, საკუთარი ინიციატივით ჩადიოდნენ სოფელში და სოფლის ბავშვებს უფასო გაკვეთილებს უტარებდნენ სხვადასხვა საგნებში (მაგ., ეკოლოგია, ჭადრაკი, ინგლისური, გერმანული და რუსული ენები).
2002 წლიდან „კავკასიურ სახლს" მხარში ამოუდგა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (IIZ / DVV). მისი ფინანსური დახმარებით ჩატარდა სოფლის თემისთვის, განსაკუთრებით - ზრდასრულთათვის მეტად საინტერესო და საჭირო ტრეინინგები და სწავლებები.
2003 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ფილიალის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა და შევსება.
2003 - 2004 წლებში ევროპული ფონდის - HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის სამსართულიანი, კაპიტალური შენობის სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია და მისი შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ, აღნიშნული შენობის მესამე სართულზეა განთავსებული „კავკასიური სახლის" რეგიონული ოფისი.
2004 წელს, „კავკასიური სახლის" თაოსნობით განხორციელდა სოფლის გაზიფიცირების ერთობლივი პროექტი. თანადამფინანსებლები იყვნენ: „კავკასიური სახლი"(ფონდი HORIZON), ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა", გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (IIZ / DVV), სოფლის თემი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალი.
2005 წელს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, დახმარება გაეწიათ სოფლის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. მათ გადაეცათ საკვები პროდუქტები. ამავე წელს, ორგანიზაციამ World Vision „კავკასიური სახლის" ფილიალს გადასცა 8 საკერავი მანქანა, ხოლო სოფლის 10 ოჯახს - მსხვილფეხა საქონელი.
2005 წელს იწყება პირველი ხანგრძლივი პროექტი - „დახმარება სოფელ ნუკრიანის ბავშვებს და ახალგაზრდებს", რომელიც დაფინანსდა გერმანული ფონდის - Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany - მიერ. პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობის ბაზაზე, სოფლის ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესწავლათ სხვადასხვა საგანი (გერმანული, ინგლისური, ეკოლოგია,სამართალი, ჭადრაკი, სიმღერა, ხალხური საკრავები, სასცენო ხელოვნება) და ყოველდღიურად უფასოდ ესადილათ.
2006 წლის ზაფხულში განხორციელდა პროექტი „მულტიეთნიკური საზაფხულო სკოლა სოფელ ნუკრიანში" (ფინანსური მხარდაჭერა: ჰოლანდიური საბავშვო ფონდი HAËLLA). პროექტი 2007 წლის ზაფხულშიც განხორციელდება ევროპული ფონდის - HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით;
რეგიონული პროექტები 2007-2008:
1. გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი - Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany
2. საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში - EU Delegation of Georgia; Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany;
3. მულტიეთნიკური საზაფხულო სკოლა სოფელ ნუკრიანში - HORIZON;
4. მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიის კინოფესტივალი „მე-ადამიანი" - Heinrich Boell Foundation; Open Society - Georgia OSI;
5. სოფელ ნუკრიანის ქალთა ხელგარჯილობი სახელოსნო - Dvv International - Georgia,Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany
6. ექსპედიცია აბასთუმანში „შაბათ-კვირის სკოლის" ყოფილი მონაწილეებისათვის - ANRDOSORBIS;
7. სოფელ ნუკრიანის დრამატული წრის ტექნიკით აღჭურვა, დრამატული წრისა და ცეკვის ანსამბლის მუშაობის ხელშეწყობა - HORIZON;
რეგიონული პროექტები 2009-2010:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების ხელშეწყობა - Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany
2. "სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისთვის" - ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.















